შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ამავე დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი – 1978 წელს დაბადებული რ.ჩ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 3 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა – ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ“, – წერია განცხადებაში.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.