ბასიანი: ასეთ ბრძოლებში არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი - საყოველთაო გაფიცვა!

პუბლიკა

კლუბი „ბასიანი” საქართველოში მიმდინარე პროტესტებთან და ხელისუფლების მიერ აქციების ძალადობრივ დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობამ დეკლარირებული ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ ხალხს.

ბასიანი აღნიშნავს, რომ ასეთ სახალხო წინააღმდეგობრივ ბრძოლებში, გაერთიანებასა და თვითორგანიზებასთან ერთად, არსებობს კიდევ ერთი ქმედითი გამოსავალი და ძლიერი იარაღი – საყოველთაო გაფიცვა.

გთავაზობთ განცხადებას:

„უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის, პალესტინაში მიმდინარე გენოციდის, მსოფლიოში ულტრამემარჯვენე, ფაშისტური რიტორიკის აღზევებისა და მზარდი ავტორიტარიზმის კვალდაკვალ საქართველოს ხელისუფლებამ ღია, დეკლარირებული ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ ხალხს, და იმ დაუღალავი შრომით შექმნილ სახელმწიფოებრიობას, რომელ შრომასაც წლების განმავლობაში ითვისებს და ფეხქვეშ თელავს მჩაგვრელი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა.

ამ შრომის ღირსეულად დაფასების, და საზოგადოებასთან ერთად სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ყოველდღიური მუშაობის ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს, რუსული და ჰომოფობიური კანონებით გაანადგუროს საერთო მონაპოვარი – თავისუფლებაზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოება, და აღარც მალავს, რომ ამ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებით, ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს, ცდილობს დაიწყოს რეპრესიები, დააწესოს ცენზურა და ტოტალური კონტროლი ხალხის წინააღმდეგ.

რაც ყველაზე შემზარავია, ცდილობს, ღირსება აყაროს და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულოს საზოგადოების ნაწილი, გახდეს მისი ანტისახალხო დანაშაულის თანამზრახველი. რუსული და ანტილგბტ კანონის ინიციირება, გენდერული კვოტების გაუქმება, ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება, ქალების წინააღმდეგ ღირსების შემლახავი კამპანია, სიძულვილის გაღვივება და სექსისტური გზავნილები – ამ მტრული და ზიანის მომტანი ნაბიჯების გაცხადებული მიზანია ჩვენი მოქალაქეების ყველა საბაზისო უფლებაზე აგრესიული თავდასხმა განურჩევლად, და ყველა იმ ინდივიდისა თუ ჯგუფის კრიტიკული ხმის განეიტრალება, რომლებიც უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან.

დღეს, 1 მაისია, მშრომელთა საერთაშორისო დღე. ხელისუფლებამ ამ დღის აღნიშვნა სწორედ 2013 წლის პირველი მაისის მსვლელობის დარბევით დაიწყო, და ახლაც, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით აგრძელებს. ჩვენს წინაშე აღმართული ამ კიდევ ერთი გამოწვევის დასაძლევად, ჩვენს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, დროა, ხმამაღლა გაისმას მშრომელთა ხმა, რომლის ჩახშობასაც უმოწყალოდ ცდილობდა და ცდილობს მჩაგვრელი სისტემა, და რომლის დაუფასებელ შრომაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო.

ასეთ სახალხო წინააღმდეგობრივ ბრძოლებში, გაერთიანებასა და თვითორგანიზებასთან ერთად, არსებობს კიდევ ერთი ქმედითი გამოსავალი და ძლიერი იარაღი – საყოველთაო გაფიცვა!

მხნეობა და გამძლეობა ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველგან”, – წერია განცხადებაში.