„ბასიანის“ საქმეზე ბრალდებულს გამოძიება დაზიანებას ედავება და არა განზრახ მკვლელობის მცდელობას

პუბლიკა

კლუბ „ბასიანის“ 3 თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა. „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, რომ დაკავებულს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ხულიგნობას ედავება. ბრალდებულს 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. (სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ”, მე-5 ნაწილის “გ”, მე-7 ნაწილის “ა” და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

12 იანვარს „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის შემდეგ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, ბრალდებული დააკავეს იმავე დღესვე ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 

„დაცვის წევრების სწრაფმა რეაგირებამ, რომლებმაც დროულად ჩაკეტეს კლუბის შემოსასვლელი რკინის კარი, თავდამსხმელისგან იხსნა სტუმრები. მაგრამ ჩვენი ოჯახის სამი წევრი მაინც დაშავდა. ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა, რომლებსაც დღეს დილით გაუკეთდათ ოპერაცია. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ რჩებიან საავადმყოფოში“, – აცხადებდა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.