„ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა - პროკურატურა

პუბლიკა

„ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის ფაქტზე  ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

„2020 წლის 12 იანვარს „კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არაერთი საგამოძიებო მოქმედებისა და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ. ჩ.-ს დაუზუსტდა ბრალდება.

მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – უთხრეს „პუბლიკას“ პროკურატურაში.

პროკურატურა ამ დრომდე კლუბ „ბასიანთან” 3 ადამიანის დაჭრისთვის ბრალდებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას ედავებოდა.

„კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა”, – წერდა facebook-ზე „ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.