„ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

კლუბ “ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.


კლუბ „ბასიანის“ 3 თანამშრომლის დაჭრისთვის ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით წარედგინა.

12 იანვარს დაახლოებით 02:30 საათზე BASSIANI-ის შესასვლელთან რამდენჯერმე გაისროლეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა.

„კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა”, – წერს facebook-ზე „ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.