„მინდა შეგახსენოთ, რომ რაც კი პრობლემა დაუგროვდა „ქართულ ოცნებას“ იმ მცირე მონაკვეთის განმავლობაში, ეს იყო დაახლოებით ერთ-წლიანი [გიორგი გახარიას შს მინისტრობის] მონაკვეთი, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გაბუნიას გადაცემაში „ინტერვიუ ხელისუფლებასთან“ განაცხადა.
კობახიძე იხსენებს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას უწყების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებს და ამბობს, რომ ეს სპეცოპერაციები არასწორად იყო დაგეგმილი:
„პირველი იყო მესტიაში – ტყის ჭრას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი და ისე იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწია გამოსვლა და საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა ეს ყველაფერი. ბასიანი იყო შემდეგ და იქაც აბსოლუტურად იყო არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ბასიანზე, ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ შემდეგ ბოდიში მოუხადა იქეთ… შემდეგ იყო პანკისი… აბსოლიტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ძალიან მძიმე სურათი, ყველას ძალიან კარგად ახსოვს. პრაქტიკულად, შეურაცხყოფა მიაყენებინა შსს-ს თანამშრომლებზე, პოლიციელებზე – ეს იყო ძალიან მძიმე“, – ამბობს კობახიძე.
ირაკლი კობახიძე გახარიას დაგეგმილ სპეცოპერაციებზე ამბობს, რომ არ იცის „ეს იყო შეცდომები, არასწორი მენეჯმენტის შედეგი თუ გავლენების შედეგი“:
„ფაქტი სახეზეა. ან ეს იყო უხეში შეცდომები და არაეფექტური მენეჯმენტი ან ეს იყო უკვე, გარკვეული გავლენების შედეგი, რაც იგივე დანაშაულამდე მიდის. ეს შეიძლება იყოს, თეურიულად, სისხლის სამართლის დანაშაული ან შეიძლება იყოს პოლიტიკური დანაშაული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
კობახიძე ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის სპეცოპერაციაც „გაუგებრად“ იყო დაგეგმილი. მანვე განაცხადა, რომ გარკვეული ქმედებები ამყარებდა იმ ეჭვს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გავლენის ქვეშ უფრო ადრე იყო.
„მაგალითად, რაც ხდებოდა 20 ივნისს, ჩვენ გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. ოპერაცია რაც იყო გახარიას მხრიდან, იყო გაუგებრად დაგეგმილი, რამაც მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, გაჩნდა ორი კითხვა, რატომ 20 ივნისის ღამეს რატომ იდგა შსს-ს სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის გარეთ და არა შიგნით, ამასთან, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა უფრო „რბილი“ საშუალებები. როგორც ის ამბობს, ოპერაციას ორი პირი გეგმავდა – შს მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილე, კახა საბანაძე.
„საბოლოოდ ჯამში იძულება იყო ტყვიების გამოყენება, რომ მოგერიებული შტურმი პარლამენტზე“, – განაცხადა კობახიძემ.