ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

პუბლიკა

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, საქართველოს პირველი ჩოგანი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი უკვე მიიღო.

მათივე ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ოფიციალურად დადასტურებული 22 ლიცენზიანტი ჰყავს.

მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძიუდოს, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.


ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც. საქმეშია 6 შემაკავებელი ორდერიც, რომელიც ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქალაქო სასამართლომ კი ექვსივე ორდერი ძალაში დატოვა. ბასილაშვილის დაცვის მხარეს ორდერები სააპელაციო სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. ჩოგბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარეობს ასევე ქონებრივი დავაც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.