ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა განცხადებას ავრცელებს და ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებას ეხმაურება.
ირმა ჭკადუა PHR-ის განცხადებას ბასილაშვილზე მორიგ ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს და განმარტავს, რომ პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ “ბრალის დამძიმების” შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.
რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მოხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.
შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები.
რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს“, – წერს ირმა ჭკადუა.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა.
„გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.
ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.