ბატონო ამირან მინდა გთხოვოთ, რომ იყოთ უაღერსად მკაცრი დღეს მედიასთან - გახარია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიამ კოვიდინფექციასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევა შეაფასა და აღნიშნა, რომ შეზღუდვები თანდათანობით უნდა მოიხსნას, რათა მიღწეული წარმატება შეინარჩუნონ.

„ჩვენი წარმატების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან ადრე ექიმების რეკომენდაციებს მივყევით და მსხვილი ბლოკების გათიშვით დავაგდეთ მობილობა და არ დავუშვით იმპორტირებული შემთხვევების სწრაფი გავრცელება. შესაბამისად, ამ ორ თვეში ჯანდაცვის სისტემა მოემზადა, რომ ემკურნალა ხალხისთვის, ncdc-იმ გააკეთა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პირველები არ ვართ ტესტების რაოდენობით, ამ ტესტების მიზნობრიობის ხარისხი მაღალია. ეს თუ არ შევინარჩუნეთ, გაგვიჭირდება იმ მიზნების მიღწევა, რასაც ჰქვია ეკონომიკის ამუშავება და კრიზისი, როგორც ქვეყნისთვის შესაძლებლობის გამოყენება. ამის ძალიან კარგი პლატფორმა გვაქვს ახლა და წყნარად, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სხდომაზე გახარიამ მიმართა ამირან გამყრელიძეს და უთხრა, რომ მედიას უაღერსად მკაცრად უნდა აუხსნას, რა ხდება რეგიონში, რა იყო საქართველოს წარმატების მიზეზი და რატომ სჭირდება მთავრობას გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა.

„ბატონო ამირან, მინდა გთხოვოთ, რომ იყოთ უაღერსად მკაცრი დღეს მედიასთან, ისევე როგორც, ქალბატონო ეკა, პირველი – უნდა აუხსნათ, რა ხდება რეგიონში, მეორე  – უნდა აუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი და მესამე – უნდა აუხსნათ, რომ ეს ინსტრუმენტები თუ არ დაგვრჩა ხელში, რთული იქნება, მეოთხე – პოლიტიკოსები ავუხსნით, რომ ყველაფერ ამას მესამე ფრონტი დაემატა და ის, რაც იქ ხდებოდა, იყო ცირკი“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ხვალიდან უქმდება საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, მანქანებში სამ კაცზე მეტის ყოფნაზე შეზღუდვა და ეს შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება.