კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს, ზუგდიდში დადიანების სასახლეში იყო. წულუკიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე. ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა ზოგიერთი თავისი სურვილის შეუსრულებლობას. ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილსაც მოვუწოდებ შიმშილობის შეწყვეტის, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის მოფრთხილებისკენ, ვინაიდან სახელმწიფო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, ყოველთვის ზრუნავს ყველა პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში, არც მიხეილ სააკაშვილი არ არის გამონაკლისი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ექიმებით. დღეს მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობაზე და წამლების მიღებაზე უარი განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა კონსილიუმის რეკომენდაცია სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით. კონსილიუმი წერს, რომ მისი გადაყვანა საჭიროა c ტიპის დაწესებულებაში. სახალხო დამცველის თქმით, კონსილიუმის წევრთა მოთხოვნებს ციხის საავადმყოფო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის გადასაყვანად სთავაზობს, ვერ აკმაყოფილებს.
იუსტიციის სამინისიტრო კი, ამბობს, რომ ციხის საავადმყოფო მზადაა მიიღოს მოშიმშილე პატიმარი და მართოს მისი მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს. ადვოკატების განცხადებით, მიზეზი მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებაა და ასევე ის, რომ აღნიშნულ საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ მართოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მიხეილ სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით არაერთი განცხადება გავრცელდა როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ.
სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების გამო; აგრეთვე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისთვის.