ბათუმელები: აჭარის ტელევიზიამ მზიას საქმესთან დაკავშირებული კადრების მიწოდებაზე უარი გვითხრა

პუბლიკა

„ბათუმელები” ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიამ მათ უარი უთხრა კადრების მიწოდებაზე, რომელიც მაუწყებელმა მზია ამაღლობელის დაკავებამდე და შემდეგ გადაიღო.

ანუ ლაპარაკია იმ კადრებზე, რომლებიც ასახავს 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებისთანავე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

„გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი კადრები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რადგან შეიცავს პერსონალურ მონაცემებს”. – ასე ასაბუთებს აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი თავის უარს, გადასცეს „ბათუმელებს“ კადრები.

მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული და პროკურატურისათვის გადაცემული კადრების საფუძველზე დაიწყო. 44-წამიან კადრში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი სილას აწნის ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

„აჭარის ტელევიზიას დღემდე არ გაუვრცელებია 12 იანვარს განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები, გარდა ამ 44-წამიანი ვიდეო ფაილისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კადრი მოჭრილია სხვა ვრცელი კადრიდან, რაც უდაოდ გააჩნია “აჭარის ტელევიზიას”. – წერს „ბათუმელები”.

ფოტო: „ბათუმელები"

 

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. პოლიციელები, რომლებიც მზიას დაკავების შემდეგ გამოიკითხნენ, ამბობენ, რომ დგებუაძეს შედეგად მარჯვენა ლოყა და ყური გაუწითლდა.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.

ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.