„ბათუმელების“ ოპერატორი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ ტელეფონიდან ყველა მასალა წაუშალეს

პუბლიკა

„ბათუმელების“ ოპერატორის, გურამ მურვანიძის თქმით, დაკავების შემდეგ ტელეფონიდან ყველა მასალა წაუშალეს.

პრესკონფერენციაზე, რომელიც იურისტებთან ერთად გამართა, გურამ მურვანიძემ თქვა, რომ დააკავეს უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო.

ამ დროს უკვე მეორედ, სისხლის სამართლის წესით იყო დაპატიმრებული „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

„ჩემი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძის უშუალო ბრძანებით მოხდა, როცა გაიგო, რომ „ბათუმელების“ თანამშრომელი ვიყავი. დაკავების მომენტში ორივე ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილური ტელეფონით საპროტესტო აქციას ვიღებდი.

ირაკლი დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა, წაერთმიათ ჩემთვის ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია. ამ ბრძანების მოსმენისთანავე ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და ხელების დამტვრევის მუქარით მომთხოვეს, მეჩვენებინა, თუ რას ვიღებდი და წამეშალა. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა და მოგვიანებით გავთიშე ის“, – თქვა გურამ მურვანიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გურამ მურვანიძემ ფოთის იზოლატორი 20 იანვარს დატოვა.

როგორც თავად ჰყვება, სწორედ იზოლატორის დატოვების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ტელეფონი ქარხნულ მდგომარეობაში იყო დაბრუნებული. შესაბამისად, წაიშალა ყველა მასალა, რაც მას ჰქონდა გადაღებული, მათ შორის, მისი დაკავების კადრები და საუბარი ირაკლი დგებუაძესთან.

„მის ტელეფონში შემოღწევით და ამ მასალების წაშლით მოხდა არა მხოლოდ პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება და განადგურება, არამედ მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებული მტკიცებულების განადგურებაც“, – თქვა იურისტმა.

მისივე განცხადებით, უკვე მიმართეს გენერალურ ინსპექციას, მოახდინონ რეაგირება და დაიწყონ მოკვლევა შსს-ის კონკრეტული თანამშრომლების მიმართ.

ასევე, მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

„ვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სსკ-ის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ასევე, შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადია როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა, ისე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფა. ასევე, მივმართეთ პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება“, – თქვა მან.