თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმი რივიერას საქმეზე მშენებლობის ნებართვის შეჩერების საქმეზე კერძო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელახლა უნდა დაიწყოს საკითხის შესწავლა და ახალი განჩინება მიიღოს მშენებლობის ნებართვის მოქმედებების შეჩერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საიამ 22 იანვარს სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაუქმება. ამასთან, მათ ასევე მოითხოვეს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერება. საია წერს, რომ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა – დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
საია წერს, რომ აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
როგორც ორგანიზაცია წერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საკითხი დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
„სააპელაციო სასამართლოს განმარტებით განჩინებაში არ არის შეჩერებაზე უარის თქმისთვის აუცილებელი, კონკრეტული და დამაჯერებელი მოტივები მითითებული, ამასთან, შეფასების გარეშეა დატოვებული მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ნორმის აბსტრაქტული ანალიზია შემოთავაზებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების პირობებში აუცილებელი იქნება მოსარჩელის, მოპასუხის და მესამე პირის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. საქმეზე დადგენილი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ზემდგომმა ინსტანციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, აქტის მოქმედების შეჩერება განხორციელდეს არა სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე, არამედ – პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე…”, – წერს საია.