ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმრო მშენებლობაზე „ბათომი“ და EMC სამართლებრივ დავას იწყებენ

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე საზოგადოება „ბათომი“ და EMC სამართლებრივ დავას უახლოეს მომავალში იწყებენ.

კულტურის სამინისტროს კვლევითი ცენტრის დასკვნით, ბათუმის ბულვარში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, 16-სართულიანი სასტუმროს აშენება დაუშვებელია.

კომპანია „ამბასადორ ბათუმს” ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 21 იანვარს მისცა, რასაც დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

EMC-ში ამბობენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში არსებითად კომპანიის დაკვეთით მომზადებულ სახელოვნებათმცოდნეო კვლევას დაეყრდნო, რომელიც ბულვარის მიმდებარედ არსებული მასშტაბური მშენებლობების გათვალისწინებით, ბულვარის ტერიტორიაზეც დასაშვებად თვლიდა მსხვილმასშტაბიანი შენობების აშენებას.

„აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, სსიპ “გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის” სამეცნიერო საბჭომ საბაღე-საპარკო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობასთან და ძეგლის დაცვის პრინციპებთან შეუთავსებლად მიიჩნია. ცენტრი  საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ორგანოა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ბოლო ათწლეულში ბულვარის მიმდებარე მონაკვეთში განხორციელებული აგრესიული ინტერვენციის შედეგად აშენებულმა მაღლივმა შენობებმა „ანბანის კოშკი“, სასტუმრო „რადისსონ ბლუ“, „პალმა“ და ტექნიკური უნივერსიტეტი, კანონით დადგენილი რეგულაციების დაცვის საჭიროება კი არ შეარბილა, პირიქით, მისი დაცვის აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა და გააორმაგა. ცხადი გახადა, რომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში განხორცილებული მსგავსი უხეში ჩარევებით ქალაქის თვითმყოფადობას სრული გაქრობის საფრთხე შეექმნა; …თუმცა, აქამდე გადადგმული უპასუხისმგებლო ქმედებების გამო არ უნდა დავუშვათ ბულვარის, ქალაქის და საზოგადოების დაზარალება”.

სამეცნიერო საბჭო ასევე მიუთითებს, რომ „შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების გზები უნდა გამოიძებნოს ბათუმის ბულვარის, როგორც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ინტერესების უპირატესობის გათვალისწინებით, რასაც უზრუნველყოფს  საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, “- ამბობენ EMC-ში.

ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ 2018 წელს, თავად კომპანიის დაკვეთით მომზადებული სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაც პირდაპირ მიუთითებს ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი მშენებლობის დაუშვებლობაზე. კერძოდ, დასკვნაში, რომელიც დღემდე ინახება სააგენტოში, პირდაპირ საუბარია, რომ დაუშვებელია „მიმდებარედ არსებული ახალი მოცულობითი მასშტაბური ფორმების გამეორება, მიბაძვა”.

„ბულვარში, საბაღე-საპარკო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა კომპანიის მიერ ძეგლის რეაბილიტაციად არის წარმოდგენილი. კანონმდებლობის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს წარმოადგენს, თუმცა ვერც სააგენტო და ვერც თავად კომპანია ვერ ასაბუთებს, როგორ შეიძლება გააუმჯობესოს ბულვარი, როგორც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მასში მაღალი მასშტაბის ბეტონისა და შუშის სასტუმროს მშენებლობამ, რომელზეც ცალსახა უარყოფითი საექსპერტო და საზოგადოებრივი შეფასებები არსებობს, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად წარმოაჩენს ნებართვის გაცემის უკანონობას”, – ამბობენ ორგანიზაციაში.