„ბათუმის ერთ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 497-ით გაიზარდა“ | რას პასუხობს „ოცნება“ ISFED-ს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2022 წლის 2 აპრილის არჩევნებამდე წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და ანგარიში მოამზადა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნოდ ბათუმის #79.04 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს, ამომრჩეველთა რაოდენობა 497-ით გაიზარდა, მათ შორის გაიზარდა უმისამართო ამომრჩეველთა რიცხვი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) #89 უბანზე 371 ამომრჩევლით. მისამართის გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია ერთ დღეს, პირველ თებერვალს.

ISFED-ის ანგარიშიდან ამ ნაწილის შესახებ შეკითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს.

„ტყუილია, უბრალოდ ტყუილია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, „ვითომ 500 ჩაწერილ მოქალაქეს მათ მიათვალეს ადამიანები, რომლებიც 18 წლის გახდნენ“ და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. მდინარაძის ანგარიშით, ასეთი 100-ზე მეტი ადამიანია.

„დანარჩენი – იყო შემთხვევები, მეუღლე არ იყო ჩაწერილი, მაგალითად, და გადაეწერა. დანარჩენი 100-ზე თუ 200-ზე მეტი, წარმოდგენა არ აქვს არავის, ვინ სად გადაეწერა და არ გამოვრიცხავთ, ეს იყოს „ნაცმოძრაობის“… გადაბრალებას კი არ ვაკეთებ, უბრალოდ, რადგან ჩვენთან წარმოდგენა არავის აქვს, ვინ სად გადაეწერა და აქ არაა საუბარი გავლენის მომხდენ რაოდენობაზე, მათ შორის, 18 წლის ახალგაზრდები, სხვა დეტალებზე ჩვენთან ინფორმაცია არ არსებობს. ასეთი არც დავალება ყოფილა და არც, ე.წ. დავალების და მათ მიერ მოგონილი ნარატივის შესრულების პრეცედენტი, ტყუილია, მოგონილი ციფრია“, – განაცხადა მდინარაძემ.


ხვალ, 2 აპრილს, საქართველოში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

არჩევნების ჩატარება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერად აირჩიეს და მან დეპუტატის მანდატი დატოვა, ხოლო ბათუმში საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

ხვალ რუსთავი-გარდაბნის ოლქში 117, ხოლო ბათუმში 14  საარჩევნო უბანი გაიხსნება.