ბათუმის ინფრასტრუქტურისთვის გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 55 მლნ ევრო გამოიყო

პუბლიკა

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 55 მლნ ევრო გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გაფორმდა სასესხო და საგრანტო შეთანხმებები.

სასესხო და საგრანტო შეთანხმებების მიხედვით, ქვეყნისთვის გამოყოფილი იქნება 53 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი რესურსი სესხის, ხოლო 2 მლნ ევრო გრანტის სახით.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვე წყლის სისტემების მოწყობას, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას.

„მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესებით, პროექტი ქმნის საბაზისო პირობებს ბათუმში ტურიზმის შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში იგეგმება ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის და მეჯინისწყლის ტერიტორიაზე თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობა“, – ამბობენ ადმინისტრაციაში.