ბათუმის მერიაში, სადაც ოპოზიცია მერთან შეხვედრას მოითხოვს, ხმაურია.
ოპოზიციონერი დეპუტატები, მერიის დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად, შენობაში შევიდნენ და განაცხადეს, რომ არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრის გარეშე შენობას არ დატოვებდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მერთან აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.
დეპუტატების შენობაში შესვლას პოლიციის მობილიზება და ხმაური მოჰყვა. სამართლადამცველებმა დეპუტატების მერის ოთახიდან ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყეს.
მერიის შენობაში იმყოფება ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი ხვიჩა ქადაგიძე, რომელმაც არ უპასუხა მედიის შეკითხვებს, რატომ გაჰყავთ დეპუტატები ძალის გამოყენებით შენობიდან.
„დადგება დრო და გეტყვით“, – განუცხადა მან „ტელეკომპანია პირველს“.
„აუდიტის დასკვნის შემდეგ, როცა მილიონობით ფული, ხალხის ფულია გაფლანგული, საკრებულოს წევრები, რომლებიც მოითხოვენ მერთან შეხვედრას მშვიდ გარემოში და ელოდებოდნენ, ხელისუფლება პოლიციის ძალით… მაშინ როდესაც ნუგზარ ფუტკარაძის საქმე არ გამოუძიებია […] სთხოვდნენ მერს პასუხს, ნაცვლად ამისა, საკრებულოს წევრებს, ქალებსაც ცემა-ტყეპით ყრიან გართ და არ აძლევენ მუშაობის საშუალებას“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა.
დეპუტატები ვარაუდობენ, რომ ეს პირადად ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის დავალებით ხდება, რადგან მას შეკითხვებზე პასუხი არ აქვს.
„ჩიქოვანიც, ეს ბიჭებიც და სხვებიც არიან ივანიშვილის მონები. ივანიშვილო, არ შეგრჩება!“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა.
ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ხვიჩა ქადაგიძემ მედიას უთხრა, რომ პოლიცია ბათუმის მერიის შენობაში შეტყობინების საფუძველზე იმყოფება.
„მერიის ადმინისტრაციული შენობიდან გაკეთდა შეტყობინება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის გამოიძახეს პოლიცია. ჟურნალისტებსაც ვერ დაგელაპარაკეთ, ხომ ხედავთ, არ იყო აქ წესრიგის დარღვევა?“, – თქვა მან.
აუდიტის დასკვნაში, რომლის შესახებაც ოპოზიციას შეკითხვები აქვს, ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს, ფაქტობრივად, ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გარკვეულ შემთხვევაში, აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები მიიღებოდნენ მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, ხოლო მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. აღნიშნული გარემოება შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად ხარჯვის რისკს შეიცავს.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით გასცა სულ – 107.051 ლარი.
მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება, რაც ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს არამართლზომიერი ქმედების რისკებს.
აუდიტის ამ დასკვნასთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა.
უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის შემოწმება ეხებოდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საქმიანობას 2019-2020 წლებში.
მერიის ცნობით, დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია 2021 წლისათვის, ხოლო რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს დღეისთვისაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით.