ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს. ის აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
აჭარის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე.
13 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა დატოვა. განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ჩიქოვანი გადადგომის მიზეზს არ ასახელებს და ამბობს, რომ რჩება „ქართული ოცნების“ გუნდის ერთგულ წევრად.
„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, – წერს ჩიქოვანი.
ჩიქოვანი თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. 2020 – 2021 წლებში კი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.