ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა.
თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომახიძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ჩემ მიერ არის სწორი ნაბიჯი, სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით.
სიტყვა ყველაში ვგულისხმობდი მოქალაქეების ინტერესებს, ქალაქის ინტერესებს, იქ დაწყებული პროექტების უმტკივნეულოდ გაგრძელებას და ბოლომდე მიყვანას, რაც ასე მნიშვნელოვანია“. – განაცხადა კომახიძემ.
ჟურნალისტებმა ლაშა კომახიძეს ჰკითხეს, თანამდებობის დატოვების კონკრეტული მიზეზი თუ არსებობდა.
„მე გავითვალისწინე გუნდური შეხედულება ამის თაობაზე. ჩემი მხრიდან ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება დამაზიანებელი იქნებოდა ქალაქისთვის, მოქალაქეებისა და იმ პროექტებისთვის.
მე რომ ანგარიშვალდებულად არ მივიჩნევდე თავს საზოგადოების წინაშე, ამას არ გავაკეთებდი ბრიფინგის მეთოდით და მათთვის მადლობის გადახდით. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების ამოსავალი არის ჩვენი ქალაქი და ის პროექტები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და მე არ ვიბრძვი არც ერთი სკამისთვის, არ ვიბრძვი პრივილეგიებისთვის,“ – განაცხადა კომახიძემ.
ჟურნალისტებმა კომახიძეს ასევე ჰკითხეს, იყო თუ არა დაპირისპირება თორნიკე რიჟვაძესთან და რა იყო ამის მიზეზი.
„ეს ინფორმაცია გაავრცელა ზოგიერთმა მედიასაშუალებამ. ჩვენ ახლაც ნორმალური, კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს“, – ამბობს კომახიძე.
ლაშა კომახიძის ინფორმაციით, ვიცე-მერის პოზიციაზე დაინიშნა არჩილ ჩიქოვანი.
„რაც შეეხება მისი კანდიდატურის შერჩევას, აქაც გათვალისწინებულიაა საერთო ხედვა, ვინაიდან, ვფიქრობ, ეს არ არის თანამდებობა ხონჩაზე მირთმეული, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო საკითხებისა და პრობლემების გროვა, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანმა“, – განმარტა კომახიძემ.
ბათუმის უკვე ყოფილმა მერმა თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:
„რაღაც ცვლილებებს პოლიტიკურს ჩემს ცხოვრებაში ვერ ვხედავ, მქონდა და მაქვს საკმაოდ ღირსეული შემოთავაზება, თუმცა ამ საკითხზე, ჯერჯერობით, ვფიქრობ. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თავი მოვიაზრო იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო სექტორი. შეიძლება იყოს საზოგადიებრივი თუ სახელმწიფო სამუშაო, თუმცა საკითხზე უფრო ღრმად ვერ გიპასუხებთ“, – ამბობს კომახიძე.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.