ბათუმის პოლიციის თანამშრომელს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, ბათუმის პოლიციის თანამშრომელს ქრთამის აღების საქმეზე ბრალი წარედგინა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმებისა და უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით 1000 აშშ დოლარი აიღო.

დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ამისთვის უწყებას ბრალის წარდგენიდან 24 საათი აქვს.