ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან გუშინ, 11 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე 73 წლის კაცი, კოვიდპაციენტი გადმოვარდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ოპერაციიდან 2 საათში რეანიმაციაში გარდაიცვალა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, შემთხვევის დროს პაციენტი ოთახში მარტო იმყოფებოდა და ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. ექიმის განმარტებით, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაში ფსიქიკური პრობლემების შესახებ ჩანაწერი არ ყოფილა. ის იყო კონტაქტური და ადეკვატური.
„იყო თერაპიულ ნაწილში; აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია; დადგენილი ჰქონდა კორონავირუსი; იყო ჩვენი თანამშრომლის მამა; ასე რომ, ჩვენს თანამშრომელს მასთან კონტაქტი ჰქონდა. ჩვენთვის მას არაფერი უთქვამს მამის შესახებ, რამე პრობლემა თუ ჰქონდა.
[გადავარდნის] მიზეზი უცნობია, დამნახავი ფაქტს არ ჰყავს. ფსიქიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ გვქონია. რომ გვქონოდა, სხვანაირად მოვიქცეოდით. კაცი იყო კონტაქტური, ადეკვატური. საღამოს რა მოხდა, არ ვიცით“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.