დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ამბასადორის“ პროექტი ბულვარისთვის შეუსაბამოა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ბათუმელები“ ავრცელებს.
საუბარია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე, 21-სართულიან სასტუმროზე.
ბულვარის გენგეგმის დოკუმენტიდან „ამბასადორის“, როგორც „შეუსაბამო“ შენობის შესახებ ჩანაწერის ამოსაღებად საკრებულოს თავად კომპანიამ მიმართა.
„ბათუმელების“ ცნობით, დღეს აღნიშნული საკითხის განხილვას ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.
„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 21-სართულიან სასტუმროს აშენებს, აქედან 3 მიწისქვეშა სართულია. კომპანიამ სამშენებლო პროექტს 2 სართული ჯერ უნებართვოდ დაამატა, შემდეგ მიმართა სააგენტოს ნებართვისთვის და მიიღო კიდეც ნებართვა. სწორედ ამ ნებართვას ასაჩივრებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად.