ბათუმის საკრებულოს სხდომაზე რუსეთის რუკის გამოჩენა ტექნიკური ხარვეზით ახსნეს

პუბლიკა

ბათუმის საკრებულოში ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის გამოსვლისას ეკრანზე გამოჩნდა რუსეთის დროშა ევროკავშირის დროშის ფერებში.

პრეზენტაციის ამ ნაწილში არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს დეპუტატებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

ფაქტი „ოცნებამ“ ტექნიკურ ხარვეზს დაუკავშირა. პასუხისმგებლობა ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეკლა ჩიჩუამ აიღო.

„შინაარსობრივ ნაწილზე სამწუხაროდ მე ვიმუშავე. ამისთვის ბოდიშს ვიხდი, მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც 10 წელზე მეტი იცხოვრა ევროპაში, შვილები გავზარდე ევროპაში და განათლებაც ევროპაში მივიღე. ვიზიარებ ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს, დამსწრე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა მან.

ფაქტს გამოეხმაურა ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი. მან აღნიშნა, რომ პრეზენტაციაში რუსეთის რუკა იყო „გულდასაწყვეტი და ძალიან ცუდი შეცდომა, რომელიც ტექნიკურ ნაწილში მოუვიდა ტექნიკურ გუნდს.“ მერმა ბოდიში მოიხადა.

„ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც ყველა ჩვენგანმა დავინახეთ ვიზუალიზაციის ნაწილში, თუმცა ისევე როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელზე მეც მაქვს პასუხისმგებლობა და მეც მინდა საზოგადოებას, კოლეგებო, თქვენ, მედიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს შეცდომა იხილა, ბოდიში მოგიხადოთ. როდესაც არანორმირებულად გვიწევს შრომა და მუშაობა, ეს არ ამართლებს ფაქტს, მაგრამ ხდება ხოლმე შეცდომები და საზოგადოებას ვუხდით ბოდიშს“, – განაცხადა მან.

მერის განმარტების მოსმენამდე საკრებულოს სხდომაზე რუსეთის რუკის გამოჩენას ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. მათ დარბაზი დატოვეს.

„არ მინდა, დავიჯერო, რომ ქალაქ ბათუმის მერი და აღმასრულებელი ხელისუფლება რუსეთის რუკით გვილოცავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მე ვფიქრობ და მრჩება შთაბეჭდილება, ამ საქციელით, ალბათ, ვიღაცას უნდოდა დღევანდელი სხდომის საკითხების გადაფარვა, რომ არ გვესაუბრა კორუფციაზე. გაკვირვებული და დაბნეული ვარ, ვერ წარმომედგინა, რომ ეს ასე მოხდებოდა. თუ თქვენ ასე ფიქრობთ, მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, სხდომაზე დარჩენას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ენმ-ის წევრმა ნოდარ დუმბაძემ.

ამის შემდეგ „ოცნების“ დეპუტატები თავიანთ გამოსვლებში ოპოზიციას გამოთქმული პროტესტის გამო აკრიტიკებდნენ.

„ოცნების“ სიით საკრებულოს წევრმა, რიჩარდ სირაბიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სტატუსზე საუბრის დროს რუსეთის რუკა ევროკავშირის დროშით პატარა ხარვეზია:

„მინდა გამოვეხმაურო ამ პატარა ხარვეზს, მართლა ჩასაფრებულები არიან და ვფიქრობ, ძალიან  ცუდი კი იყო, მინდა, ვაღიარო, მაგრამ იმდენი საქმე აქვთ ამ ადამიანებს და შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს ეს მოუვიდეს ან მოუხდეს და პირიქით, მადლობა, რომ პასუხისმგებლობა აიღეთ, ქალბატონო თეკლა და ვფიქრობ, იმდენი საქმე კეთდება ამ ქალაქში და იმდენი რაღაც კეთდება ქვეყნის საკეთილდღეოდ, მსგავს რაღაცაზე ჩასაფრება არის არასწორი“, – თქვა მან.

ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ „ოცნების“ წევრმა დავით მახარაძემ განაცხადა:

„ძალიან მოკლედ მინდა ამ პანიკასთან დაკავშირებით ერთი განცხადება გავაკეთო – ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი ჩასაფრებულები არიან, ჩასაფებულ პოზიციაში რაღაცა მოელანდათ, მარტო რუსული დროშები ელანდებათ, მეტი არაფერი“.

დეპუტატის ამ რეპლიკას საკრებულოს თავმდჯომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ უპასუხა:

„ნუ მუშა პროცესია და ვინც მუშაობს, ის უშვებს რაღაც შეცდომებს. ამას დიდი სიხარულით რომ საუბრობენ, ესაა ყველაზე მტკივნეული, თორემ ხომ შეიძლება, როგორც კოლეგა მოვიდეს და ესეთი რაღაც ხარვეზი მოხდა და გთხოვთ, გამოვასწოროთო [გვითხრან]…“, – აღნიშნა მან.

„ოცნების“ წევრებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ განვლილი 9 წელიც შეახსენეს:

„იმ ადამიანებისგან, რომლებიც ქვეყნის გარეთ დარბოდნენ იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ, სულაც არ მიკვირს უმნიშვნელო ხარვეზის და გადაღლილობის გამო გაპარული შეცომა რაღაც ტრაგედიად მონათლონ, შეფუთონ და ისე მიაწოდონ საზოგადოებას, რომ ამით ქვეყანა იქცევა“, – განაცხადა „ოცნების“ წევრმა, ნინო ცხვარაძემ.

„ნამდვილად ვერ მივიღებ შენიშვნას იმ მავნებლებისგან, ვინც შეგნებულად აკეთებდა მოდელირებულ ქრონიკას და რასაც აკეთებდნენ, ძალიან კარგად იცით. ეს უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი იყო“, – განაცხადა ლევან ცხოიძემ.