დღეს ბათუმში 3 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, არჩილ მამულაძემ პარტია დატოვა.
„რაც შეეხება ბათუმში მნიშვნელოვან ადგილებზე განთავსებულ ბანერებს, ეს პირადად ჩემთვის და ბევრი ჩემი კოლეგისთვის მიუღებელია. კარგი იქნებოდა ეკითხათ ჩვენთვის და რჩევა დარიგებას მივცემდით“, – განაცხადა არჩილ მამულაძემ საკრებულოს სხდომაზე.
არჩილ მამულაძე ბათუმის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიას წარმოადგენდა და პროპორციული წესით მოხვდა ქალაქის თვიმმართველ ორგანოში.
19 აგვისტოს ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერები გამოჩნდა, სადაც აჭარის რეგიონები ოკუპირებული ტერიოტორიების მსგავსად გამოყოფილი იყო და წითელ ფერში იყო შეღებილი. ბანერზე იყო წარწერა „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“.
„სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერი შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავდა.
იმავე დღეს ბანერი „ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ჩამოხია.
ამ ამბავს გამოეხმაურა ირმა ინაშვილიც – „ეს ბანერი სრულიად განსხვავებული სახით მივიღეთ პოლიტსაბჭოზე. ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით – sos! რასაც ფოტოზე ხედავთ!”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„შმატრიოტები” – ასე გამოეხმაურა საკითხს facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
საკითხს ასევე facebook-ზე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. „ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!”, – წერს მდინარაძე.