ბათუმის საკრებულოში ხმაურია - ოპოზიცია „ოცნებას" მოუწოდებს, შეაჩეროს 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა

პუბლიკა

ბათუმის საკრებულოში ხმაურია. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, „ქართული ოცნების” წარმომდგენლები ბიუროს სხდომის დღის წესრიგში 2020 წლის ბიუჯეტის საკითხის შეტანას გეგმავენ. საკრებულოს შენობაში იმყოფებიან ენმ-ის წევრები და პარტია „ლელოს” წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე. ბიუროს დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია.

ოპოზიციის წარმომადგენლები ძველი მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ არ იმსჯელოს და არ დაამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის 2022 წლის ბიუჯეტი.

ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში 19 ნოემბერს დაიწყო.  ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 12 ნოემბერს შემოვიდა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, უკვე განიხილეს საკრებულოს დარგობრივმა კომისიებმა და შესაბამისი დასკვნები წარუდგინეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას.

ბათუმის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა.

  • „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი;
  • „ლელო“ – 1 მანდატი.

ოპოზიციის მტკიცებით, „ქართული ოცნება” იმ საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა მმართველი პარტიის არაა, ცდილობს 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულოებს დაამტკიცებინოს, ახალი მოწვევის შემადგენლობის დამტკიცებამდე. დღეს ხმაურის ფონზე წარიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ ახალი, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

აღნიშნულ პროცესს გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორიც, „გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, მნიშვნელოვანია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად დანიშნოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რათა მას მიეცეს საქმიანობის წარმართვის, მათ შორის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა თუ დამტკიცების შესაძლებლობა, და ახალარჩეული საკრებულოს წევრები სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში.