ბათუმის სანაპიროსთან მომხდარ აფეთქებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ბათუმში, სანაპიროსთან ახლოს, დღეს აფეთქება მოხდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში შავი ფერის მცურავი ობიექტი ჩანს, რომელიც საზღვაო ნაღმს ჰგავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიიღეს შეტყობინება ბათუმში ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.

„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აქამდე საზღვაო ნაღმები თურქეთისა და ბულგარეთის სანაპიროებზეც დააფიქსირეს.