ბათუმი N79 საოლქო საარჩევნო კომისიასთან მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.
„მონებო!“, – ასეთი შეძახილებით დახვდნენ აქციის მონაწილეები საუბნო კომისიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბათუმის საოლქო კომისიაში მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმები მიიტანეს.
აქციაზე იყო დაპირისპირებაც. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავებულთა რაოდენობას აზუსტებს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, აქციის მონაწილეები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი და დისტანცია დაეცვათ.
„ამის მიუხედავად პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მოგვიხდა მათი დაკავება“, – აცხადებს კოტე ანანიაშვილი.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მანდატებზე უარს აცხადებენ. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაა: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.