„ბათუმელების“ ცნობით, 11 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პიანისტი და კონსერვატორიის სტუდენტი ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დღეს დაიწყო სტუდენტებისა და დეკანის საქმის არსებითი განხილვა.
ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ სტუდენტსა და დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს 28 იანვარს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ და ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მედია მაშინ წერდა, რომ ანრი კაკაბაძე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი მანამდე იყო გათავისუფლებული, რის გამოც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ის პატიმრობაში დატოვა.
ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა 3 დეკემბერს ჯგუფურად სცემეს ორ პირს. ისინი 9 დეკემბერს დააკავეს.
„ბათუმელების“ ცნობით, დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ქეთი ადამიამ მოსამართლეს ანრი კაკაბაძისთვის, 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. სხდომაზე წაიკითხეს დაზარალებულების წერილიც, რომ მათ პრეტენზია არ ექნებათ, თუ ანრისაც გირაოთი გაათავისუფლებენ.
მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.