ბათუმის სასამართლომ აქციაზე დაკავებულ კიდევ 4 პირს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირმა ტოგონიძემ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა 11 იანვარს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ კიდევ 4 პირს: ვაჟა დარჩიას, მალხაზ ირემაძეს, ლაშა და გიორგი გაბაიძეებს. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

მანამდე ირმა ტოგონიძემ იმავე აქციაზე დაკავებულ კიდევ 3 პირს შეუფარდა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

გამოცემის ცნობით, ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ვაჟა დარჩია და ჯგუფ „პლატინას“ ხელმძღვანელი, მალხაზ ირემაძე, აქციაზე დააკავეს პოლიციელების მიმართ შეკითხვისთვის, თუ რატომ აკავებდნენ პლაკატის გაკვრის გამო ადამიანებს.

„ბათუმელების“ ცნობით, ძმები გაბაიძეები გამოცემის დირექტორის, მზია ამაღლობელის ახლობლები არიან. ისინი 11 იანვარს აქციაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე გავრცელდა ინფორმაცია, აქციაზე მისვლის დროს ამაღლობელი უკვე გათავისუფლებული იყო. გამოცემა წერს, რომ პოლიცია მოულოდნელად დაიძრა ძმების მიმართულებით და ორივე დააკავა.

11 იანვარს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. პირველად მას შემდეგ, რაც კედელზე გააკრა სტიკერი წარწერით: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე“. რამდენიმე საათში დაკავებულთაგან 4 – მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, სისხლის სამართლის წესით – მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

მზია ამაღლობელს 14 იანვარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს, ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“. გამოცემის ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილეობდა.