ბათუმის სასამართლომ აქციაზე დაკავებულ სამ პირს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს: გოდერძის ფრანგიშვილს, თემურ ქათამაძესა და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს და წერს, რომ საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა.

აქციის მონაწილეების ნაწილი პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს, ნაწილი კი იმიტომ, რომ სამართალდამცავებს ეკითხებოდნენ, თუ რატომ აკავებდნენ აქტივისტებს. მოგვიანებით დააკავეს „ბათუმელების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი, მან კედელზე გააკრა სტიკერი წარწერით: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე“. რამდენიმე საათში დაკავებულთაგან 4 – მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, სისხლის სამართლის წესით – მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

მზია ამაღლობელისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროცესი 14 იანვარს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს, ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“. გამოცემის ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილეობდა.