ბათუმის ტრაგედია სამშენებლო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების წინაპირობა უნდა გახდეს - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

პუბლიკა

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტი სათანადო გამოძიებას და შესწავლას მოითხოვს.

„დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და სამი პირი, მათ შორის ბინის მესაკუთრე და ორი მუშა დაკავებულია. თუმცა არსებითად მნიშვნელოვანია ეს ტრაგიკული ფაქტი სამშენებლო რეგულაციებისა და ზედამხედვებლობის, ასევე საბინაო პოლიტიკის ფართე კონტექსტში იყოს დანახული და ჯეროვანი პოლიტიკური განხილვებისა და გრძელვადიანი ინსტიტუციური ცვლილებების საფუძველი გახდეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების სამართლებრივი და სოციალური მხარდაჭერა და დარღვეული უფლების, მიყენებული მეტარიალური და მორალური ზიანის აღდგენისთვის საჭირო სამართლიანი და ღირსეული გზების ძიება. მითუფრო, რომ ამ საქმეში კრიტიკულ შეფასებას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან სამშენებლო უსაფრთხოებისთვის საჭირო პოზიტიური ვალდებულებების შესრულების საკითხი.

ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევა სავარაუდოა, რომ სუსტ სამშენებლო რეგულირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას უკავშირდება. სისტემური პრობლემაა სამშენებლო სანებართვო პირობების შეთანხმებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილებების არაჯეროვნად შესრულება. ჩვენი დაკვირვებითა და გამოცდილებით, არაერთ შემთხვევაში, იკვეთება სამშენებლო ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება დეველოპერებისადმი და არათანმიმდევრული მიდგომა სამშენებლო პირობების მოთხოვნებთან და მათ შესრულებასთან დაკავშირებით. Მასობრივი სახე აქვს მანკიერ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო ნებართვები არასათანადო საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების საფუძლველზე გაიცემა. Მათ შორის ყველაზე მწვავეა გეოლოგიური დასკვნების ხარისხის არასათანადოობა და სიზუტეც.

გვსურს ასევე ხაზი გავუსვათ, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოები სუსტი და არაქმედითია როგორც მუნიციპალურ, ისე ეროვნულ დონეებზე. Რიგ შემთხვევებში მონიტორინგის სამსახურები კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფენ, იყენებენ შემოწმების არასათანადო სტანდარტს და იშვიათად რეაგირებენ დარღვევებზე.

ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს სამშენებლო მასალების და მშენებლობის ხარისხისა და მდგრადობის კონტროლის მექანიზმებს, რაც შესაძლოა მომავალში არაერთი უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს.პირველ ეტაპზე Სამშენებლო სფეროს დერეგულირება საერთო ნეოლიბერალური განვითარების დღის წესრიგისთვის სიმპტომურ ფენომენად ფასდებოდა საქართველოში. თუმცა, დღეს ჯერ კიდევ არსებული მწირი რეგულაციების შეუსრულებლობა და მათზე არაჯეროვანი სახელმწიფო მონიტორინგი, სახელმწიფო უწყებების სისუსტესა და შესაძლო კორუფციის შემთხვევებსაც ააშკარავებს. დღეს სახელმწიფოში სამშენებლო მარეგულირებელი ფუნქციების დასუსტება და გაქრობა ბათუმის მსგავსი საყოველთაო ტრაგედიებისგან დაზღვევის მცირე შესაძლებლობებს ტოვებს. დერეგულაცისთან ერთად აღმოცენებული კორუფცია და სახელმწიფო უწყებების სისუსტე რომ არცერთ ეკონომიკურ კლასსა, თუ არანაიარი სიმსხვილის პროექტს არ იცავს, დაადასტურა ბათუმში 2018 წელს მომხდარმა ტრაგედიამაც. Საზოგადოებას ახსოვს მსხვილი დეველოპერული პროექტისათვის საშეღავათო პირობებით ნაგები სასტუმრო “ლეო გრანდი”, რომელშიც გაჩენილმა ხანძარმა 12 ადამიანის დაღუპვა გამოიწვა 2018 წელს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი თანაუგრძნობს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, მთლიანად ქალაქ ბათუმს და გამოვხატავთ მზადყოფნას დაზარალებულ ოჯახებს გავუწიოთ სამარლებრივი მხარდაჭერა“, – წერია განცხადებაში.