ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები დაიწყო - სომხური მედია

პუბლიკა

სომხური მედიის ინფორმაციით, მათი ტვირთის გადაზიდვა რუსეთში უკვე ბათუმიდანაც შესაძლებელია. აპრილში ბათუმსა და რუსულ პორტ ნოვოროსიისკს შორის ორმხრივი საზღვაო გადაზიდვა დაიწყო.

სომხური მედია წერს, რომ დარიალის ხეობის გავლით რუსეთში ტვირთის გადაზიდვა გარემო პირობების გამო ზოგჯერ ფერხდებოდა. სატვირთო ავტომობილები რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი იდგნენ რიგში. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ამოქმედდა ახალი, საზღვაო მარშრუტი.

სომხეთის ხელისუფლებამ ამ გადაზიდვების ოპერატორად კომპანია CE&M INTERNATIONAL შეარჩია. სომხურ გამოცემა Armenpress-თან კომპანიის დირექტორი დავით ილოიანი ამბობს, რომ ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის უკვე ორმა სატვირთო გემმა გაიარა.

„დღეისთვის, ჩვენს გემს 350 კონტეინერის გადატანა შეუძლია, პირველი ტვირთი 18 აპრილს გადავიტანეთ. ვგეგმავთ, რომ ნოვოროსიისკიდან ბათუმში და პირიქით ყოველკვირეული მიმოსვლა იყოს. მოთხოვნის შესაბამისად კი, გადაზიდვის 2-3-ჯერ გაზრდა შეგვიძლია“, – ამბობს დავით ილოიანი.

„პუბლიკამ“ კომენტარისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კომენტარს მათ დაქვემდებარებაში მყოფი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მოგვიანებით გააკეთებს.

სომხურ მედიაში გასული თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხური ტვირთის გადასატანად საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო გადაზიდვა ამოქმედებულიყო. საუბარი უფრო მეტად ფოთიდან საბორნე გადაზიდვას შეეხებოდა.