ბათუმსა და ქობულეთში 1 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურად იქნება - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების გამო ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებსა და აუდიტორიებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდება.

„ეპიდემიისა და ვირუსის მართვის პროცესი სრულიად ექვემდებარება კონტროლს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო პროცესის დაწყება გამოიწვევს მობილობის ზრდას, გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ.

ორი კვირით, 1 ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი კლასში გადაიდება. მანამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურად. რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საკლასო ოთახში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას 1 ოქტომბრიდან გააგრძელებენ. მანამდე სწავლა იქნება დისტანციურად“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანც 20 აჭარაში იყო.

„უმრავლესობა ამ შემთხვევებისა არის კონტაქტირებული, უკვე დადასტურებული, მკურნალობაში მყოფი პაციენტების ოჯახური კონტაქტები. დანარჩენზე – მიმდინარეობს კვლევები, კონტაქტების მოძიება, გაღრმავებული ეპიდკვლევით“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა.