აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წუხელ ღამით აჭარაში ლაბორატორიულად 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს არიან ბოლო ინფიცირებული ქალის კონტაქტები. მისივე თქმით, გუშინ ინფიცირებული ქალის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.
„მას უკავშირდება როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე ქობულეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სამეზობლოს კონტაქტები. პირველ ეტაპზე მოძიებულ იქნა 37 პირი, რომელთაგან 17 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელია. 20 ოჯახური კონტაქტია. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა 16 ნიმუში და მათ შორის დადასტურდა 5 შემთხვევა. ორი გახლავთ ოჯახის წევრი, ხოლო 3 სამეზობლოს კონტაქტი. სამედიცინო პერსონალში ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ კონტაქტში მყოფი პირების სია, სავარაუდოდ, გაიზრდება, ეს პირველადი ინფორმაციაა”, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში პაციენტების მიღება შეწყვეტილია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და აქედანა 5 ბათუმში დადასტურდა.