ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

პუბლიკა

„9 სუბიექტი ვიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ერთიანობას; პრინციპულ პოზიციას გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გამართულ აქციაზე „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის პარალელურად, აქციას მართავენ და მანდატების დათმობისა და ბოიკოტის შესახებ ორ დოკუმენტს საჯაროდ მოაწერეს ხელი.

„ბიძინა ივანიშვილმა წაგვართვა ხმები, არჩევანის თავისუფლება, სახელმწიფოს მართვაში თანამონაწილეობის უფლება, არა პოლიტიკოსებს, არამდე მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს; დღეს კიდევ ერთხელ მტკიცდება ერთიანობა ოპოზიციური სპექტრისა აჭარაში და კიდევ ერთხელ ამ ბანერზე, რომელიც არის სიმბოლური და, მათ შორის, პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაწილი, ხელს მოაწერს 9 სუბიექტი. ყველა აპირებს ბრძოლის გაგრძელებას მანამდე, სანამ არ მიიღწევა მთავარი შეთანხმება, ახალი არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პოლიტიკოსებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილები არიან აქტივისტებიც , რომლებიც საყვირებითა და ბანერებით სხდომის მიმდინარეობას აპროტესტებენ.

„ვაპროტესტებთ უმაღლეს საბჭოში თბილ სავარძლებში მოკალათებულ „ქართული ოცნებისა“ დეპუტატებს. შეიძლება ითქვას, „მისალოცად“ აქვს „ქართულ ოცნებას“ საქმე, რადგან ჩვენ იმ 7 ქვეყანას შევუერთდით, სადაც ერთპარტიული მმართველობაა და აქედან ვპირდებით საჯაროდ „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს, ამ ერთპარტიულ მმართველობას აუცილებლად დავასრულებთ“, – განაცხადა თორნიკე ხალვაშმა, მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრმა.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, აქციის ორივე მონაწილე, ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცველის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს  პირველი სხდომა დღეს იმართება; დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ, ცნობენ საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას და აირჩევენ კომიტეტების თავმჯდომარეებს.