ბათუმში მიმდინარე აქციაზე ჯამში 8 ადამიანი დააკავეს – ინფორმაცია TV პირველთან საუბრის დროს დაადასტურა აჭარის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ. მისი თქმით, ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით.
„ბათუმელების ოპერატორი არ ვიცი, კონკრეტულად ვინ არის, თუმცა ყველა პირი, ვინც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის დაკავებული, 166, 173-ე მუხლებით, ზოგიერთი მხოლოდ 173-ე მუხლით. 8 ადამიანია დაკავებული”, – აჭარის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.
ბათუმში მეორე დღეა საპროტესტო აქციებზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს – არსებული ინფორმაციით, დღეს, 12 იანვარს დაკავებულთა შორის არიან ლუკა ნაცვლიშვილი, ელიზბარ ჩხიკვაძე, ელენე ხოშტარია, გიორგი კირთაძე, შუშანა მაცაბერიძე, თორნიკე კაკალაძე, ასევე, „ბათუმელების” ოპერატორი, გიორგი მურვანიძე და კიდევ ერთი პირი.
„დროას” ინფორმაციით, შუშანა მაცაბერიძე ფოთში ჰყავთ გადაყვანილი დანარჩენ აქტივისტებთან ერთად. მათივე განცხადებით, ელენე ხოშტარიას ქობულეთში, ხოლო გიორგი კირთაძე ბათუმის სამმართველოში გადაიყვანეს.
მოქალაქეები ნაწილი, მათ შორის კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრები დღეს ბათუმში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც გუშინ პოლიციამ 12-მდე ადამიანი დააკავა – დაკავებულთა შორის არის „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან.