ადგილობრივი მედიის ცნობით, ბათუმში აქციაზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი, ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს. იზოლატორში რჩება „ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი.
გუშინ, 3 ივნისს ბათუმში თბილისში მიმდინარე მოვლენების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქტვისტების ცნობით, დაკავების მიზეზი ბანერებზე წარწერების შინაარსი გახდა.
„თბილისის მსგავსად, ჩვენს აქციაზეc ნახავდით, ცარიელ ბანერებს და მათ შორის ჩვენ დავამატეთ – „Говорит Москва“, რომელიც ფაქტობრივად ასახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. არცერთზე არ ჰქონდათ გართულება, როგორც ამ ორზე – „Говорит Москва“ და ირაკლიზე.
როცა დაშლას ვაპირებდით, აი „ირაკლის“ ჩამოხსნა ისედაც პატარა თაბახის ფურცელზე გვქონდა და მოაშორეთო, მაგაზე იყო სასტიკი მოთხოვნა, რომ გააქრეთ მაქედანო”, – ამბობს გიორგი დუმბაძე.
„აქციის მიწურულს პოლიცია მოვიდა და მითხრა, რომ ბანერები, ზუსტად ისეთივე, როგორიც თბილისში ჰქონდათ, მოგვეშორებინა იქიდან, რადგან შეურაცხმყოფელი იყო. შემდეგ, როცა არ დავემორჩილეთ და ბანერები არ ჩამოვწიეთ გამოგვართვეს, დაიწყეს ჩვენი დარბევა, ძალიან აგრესიულად დაკავება”, – ამბობს გუშინ დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილი.
„ირაკლი რუსი”, „ირაყლი”, „რაც გინდათ, ის დაუძახეთ” და ა.შ. – გუშინ, 3 ივნისს მოქალაქეებმა პარლამენტთან აქციაზე დიდი თეთრი ბანერი მიიტანეს, რათა აქციის მონაწილეებს დაეწერათ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე ის, რისი დაწერაც სურთ.
2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.
შსს-ზე დაყრდნობით სულ აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეთა დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მოქალაქეები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.