ბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, „მედალფაში” მოთავსებულ პაციენტს ანალიზები გუშინაც აუღეს, დღეს კი პროტოკოლის მიხედვით პასუხი კიდევ ერთხელ გადამოწმდა და მეორე ტესტზეც უარყოფითი პასუხი მოვიდა.
„ის კლინიკურად უკვე გამოჯანმრთელებული იყო, ტესტის პასუხს ველოდებოდით. რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ უარყოფითი პასუხი და ჩვენ უკვე გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული. ის, სავარაუდოდ, კლინიკას მალე დატოვებს”, – აღნიშნავს ზაალ მიქელაძე.
ზაალ მიქელაძის განმარტებით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მუდმივად შედიან მოქალაქეები როგორც საკარანტინო ზონიდან, ასევე თვითდინებითაც. მინისტრის თქმით, დღეს აღებული 11 ანალიზიდან ყველა უარყოფითია.