ბათუმში „სირცხვილიას“ ოფისთან დაკავებული აქტივისტების პროცესი გადაიდო

პუბლიკა

ბათუმში  „სირცხვილიას“ ოფისთან დაკავებული 2 აქტივისტის, გენრი დოლიძისა და გიგა ნაკაშიძის სასამართლო პროცესი 12 აპრილს გადაიდო. ბათუმის საქალაქო სასამართლოდან „პუბლიკას“ აცნობეს, რომ პროცესი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით გადადეს.

სასამართლო სხდომის პარალელურად შენობასთან მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას მართავდა. ისინი მოითხოვენ, მოსამართლემ არ გამოიყენოს დაკავებულების მიმართ სანქციები, ასევე მოუწოდებენ გენინსპექციას, შეისწავლოს სამართალდამცველთა მხრიდან დარღვევები.

„სირცხვილია“ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევას დღესაც აპირებს.


ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 3 აპრილის ღამეს პოლიციელების შესვლისა და აქტივისტების დაკავების საქმეზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

„პუბლიკას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახუში განუცხადეს, რომ  „დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ბათუმში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“.


„სირცხვილიას“ ოფისთან 2 აქტივისტი 3 აპრილს დააკავეს. როგორც facebook-ჩართვისას ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, პოლიციელებმა იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

შესწორება: მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა სათაურით „ბათუმში დაკავებული „სირცხვილიას“ აქტივისტების პროცესი გადაიდო“. ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ მასალას სათაური შეეცვალა.