ბათუმში ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს

პუბლიკა

ბათუმში გამოცება „ბათუმელების“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მათ ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს.

„ეს არის დანაშაული თანამდებობის პირის მხრიდან. მისი ბოდიში არაფრად არ ითვლება, მით უმეტეს ცალყბა ბოდიში, რომელსაც გააზრებულიც არ აქვს, რა ჩაიდინა. რაღაც ბოდიშებს იხდის, იმიტომ, რომ ვალდებულება იგრძნო, ალბათ იმიტომ, რომ მალე არჩევნებია, მხოლოდ ამიტომ. სხვა შემთხვევაში, ალბათ, ამაზეც არ შეიწუხებდა თავს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხრიდან სანამ  შესაბამისი პასუხი არ გაეცემა თანამდებობის პირების ასეთ ქცევას, ისინი კიდევ მეტს გაბედავენ”, – ამბობს ჟურნალისტი ნათია შავაძე.

„ამას სჭირდება დროული რეაგირება, რომ არ გახდეს წამახალისებელი სხვებისთვის. გვესმის, რომ არჩევნებია, გვესმის, რომ ტემპერატურამ აიწია, მაგრამ ეს არავის არ აძლევს იმის უფლებას, რომ კითხვებზე ასეთი რეაქცია ჰქონდეს და ჟურნალისტებს ასე ეპყრობოდეს. მე მგონია, რომ პოლიტიკური პასუხისგების საკითხი უნდა დადგეს და ველოდები ამ რეაქციას”, – ამბობს ჟურნალისტი ირმა ზოიძე.


ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდამანიძემ „ბათუმელების“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვებით მიმართა. გამოცემამ აუდიოჩანაწერი გუშინ გამოაქვეყნა. ის მაშინაა ჩაწერილი, როდესაც ჟურნალისტი მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე  სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის დაუკავშირდა.

„ბათუმელების“ ცნობით, ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიისას მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.

გუშინვე განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელების” ჟურნალისტის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდამანიძემ დღეს „ტელეკომპანია პირველთან“ განაცხადა, რომ ის ნანობს ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს.

„ნამდვილად სინანულს გამოვთქვამ. ავყევი ემოციებს. ნამდვილად არასწორი გავაკეთე, ვამბობ და ვაღიარებ ამას”, – ამბობს ხელვაჩაურის მერი. გადადგება თუ არა თანამდებობიდან, ამის შესახებ პასუხობს, რომ „ვნახოთ, ვნახოთ, მოგვიანებით იქნება გადაწყვეტილება”.

დღეს ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხელვაჩაურის მერის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.