„ბათუმში გაუპატიურების მსხვერპლ ქალს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ“ – საფარი

პუბლიკა

უცხოეთის მოქალაქე ქალის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ დღეს კავშირ „საფარში“ ისაუბრეს.

როგორც ქალის ინტერესების დამცველები ამბობენ, უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, იანვარში გაუპატიურების მსხვერპლი გახდა და მისთვის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუნიჭებიათ.

როგორც „საფარში“ ამბობენ, შემთხვევა 2022 წლის იანვარში ბათუმში მოხდა. მან მეორე დღესვე მიმართა პოლიციას, თუმცა დღემდე საქმე არ გამოუძიებიათ. ქალმა სამი კვირის წინ მიმართა ორგანიზაციას დახარებისთვის.

„ის იმყოფებოდა ახალი წლის აღსანიშნავად მეგობართან, სადაც მას მიაღებინეს მისთვის უცნობი ტიპის ალკოჰოლი თუ სხვა ტიპის ნივთიერება, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს სხვა ადგილას. შემდეგ აღარ ახსოვს კარგად, რა ხდებოდა, ფრაგმენტულად ახსოვს გაუპატიურების ეპიზოდები. სავარაუდოდ, არ იყო ერთი მოძალადე, არამედ რამდენიმე მონაწილეობდა გაუპატიურებაში. როდესაც გონს მოვიდა, იყო გახდილი, ჰქონდა დაზიანებები. მეორე დღესვე მიმართა პოლიციას“, –  ჰყვება ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

როგორც პატარაია ამბობს, რა საგამოძიებო მოქმედებები წარიმართა და რამდენად ეფექტიანად მიდის გამოძიება, ინფორმაცია არ აქვთ, რადგან პროკურატურას ქალი დღემდე არ უცნია დაზარალებულად. შესაბამისად, მის ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება, გაეცნონ საქმის მასალებს.

როგორც პრესკონფერენციაზე იურისტმა თამარ ლუკავამ აღნიშნა, მათ ინფორმაცია არ აქვთ იმაზე, საერთოდ რა მუხლითაა გამოძიება დაწყებული და შესაძლებელია იყოს საქმეზე კვალიფიკაციის პრობლემაც.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ისინი სრულად ეყრდნობიან ქალის მონათხრობს. მათივე ინფორმაციით, არ ჩატარებულა, ასევე, შესაბამისი ექსპერტიზა.

„პოლიციისთვის მიმართვის შემდეგ ქალი თავდაპირველად გამოკითხეს თარჯიმანთან ერთად, თუმცა მეორე გამოკითხვას თარჯიმანი არ ესწრებოდა. როგორ ქალი ჰყვება, პოლიციის უფროსმა დაარწმუნა, რომ გამოძიების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით ხელი უნდა მოეწერა ქართულად შედგენილი გამოკითხვის ოქმისთვის, შესაბამისად, მან არ იცის რაზე მოაწერინეს ხელი“, – ამბობენ „საფარში“.

მათივე ცნობით, მიმართეს პროკურატურას ქალის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის დაზარალებულად ცნობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წვდიმა გვქონდეს საქმის მასალებზე – მათ შორის ოქმზე, რომელზეც ხელი მოაწერინეს და იმაზე, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამ დრომდე.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დამნაშავე ტერიტორიულად ქალთან ახლოს ცხოვრობს, მის მიმართ კი ამ დრომდე შემაკავებელი ორდერიც არ გამოცემულა“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

ქალის ინტერესების დამცველები მოითხოვენ:

  • საქმეზე გამოძიება აწარმოოს ბათუმის პოლიციის სამმართველომ, რადგან არ ვენდობით იმ განყოფილების პოლიციელებს, რომლებმაც უკრაინის მოქალაქე ქალი თარჯიმნის გარეშე გამოკითხეს;
  • დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი ქალს;
  • დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სავარაუდო დამნაშავის მიმართ.