ბათუმში კარვების გახსნა არასწორი გადაწყვეტილება იყო - პაატა იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მათ დაშვებულ შეცდომებს შორის შეიძლება ბათუმში კარვების გახსნა მოვიაზროთ, რომელიც მისი თქმით, „ცოტა პოპულისტური“ გადაწყვეტილება იყო და ლაბორატორიების გადატვირთვა გამოიწვია.

„ჩვენც გვქონდა ხარვეზები დაშვებული. იგივე, ვთქვათ, აშკარად არასწორი იყო და ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში. 5 კარავი იყო, თუ არ ვცდები, გახსნილი. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა თავის ცნობისმოყვარეობას.

შესაბამისად, ამან გამოიწვია ლაბორატორიების ძალიან გადატვირთვა და შემდეგ ამან გამოიწვია უკვე პასუხების დაგვიანება იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ“, – თქვა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „პოლიტმეტრში“.

იმნაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ზეწოლის გამო მიიღეს. თუმცა, მოსახლეობის აზრი, ამ შემთხვევაში, არ უნდა გაეთვალისწინებინათ.

„ეს ნამდვილად ჩვენი შეცდომა იყო. შეცდომა არ მოსდის იმას, ვინც არაფერს აკეთებს. მერე კრიტიკაც ადვილია იმათთვის, ვინც არაფერს არ აკეთებს. როცა აკეთებ, შეცდომაც მოგდის. ჩვენ შეცდომების აღიარება არ გვიჭირს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით ვაკეთებთ“, – დასძენს იმნაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ის კრიტიკას არ იზიარებს ტესტირების რაოდენობასთან დაკავშირებით.

„ტესტირების იმ მაჩვენებელზე რაც ჩვენ გვაქვს, მე არანაირ სპეკულაციას არ მივიღებ. ძალიან ადვილი გადასამოწმებელია ნებისმიერ  საერთაშორისო ვებგვერდზე, რამდენ ტესტს ვაკეთებთ ჩვენ ქვეყანაში და ის მაჩვენებელი, რაც ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრ ქვეყანას შეშურდება, მათ შორის, განვითარებულს, დასავლეთ ევროპულს. ზოგიერთი გვასწრებს, მართალია. მილიონ მოსახლეზე გაკეთებულ ტესტებზე ვლაპარაკობ.

პასუხების დაგვიანებაც შეიძლება ითქვას [ხარვეზად], მაგრამ უმრავლეს ქვეყნებში, რაც ჩვენთან დაგვიანებად ითვლება, იქ ნორმაა, დასავლეთ ევრუპულ ქვეყნებზე ვლაპარაკობ“, – თქვა პაატა იმნაძემ „პოლიტმეტრის“ ეთერში.