ბათუმში კარვების გაშლის მცდელობას პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

პუბლიკა

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს კარვების გაშლა სურთ, ამის უფლებას კი პოლიცია არ აძლევს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ გამოხატვის თავისუფლება აქვთ და პროტესტის ფარგლებში ჯდება კარვის გაშლის უფლებაც. მათივე თქმით, ბათუმში უამინდობაა მოსალოდნელი და აქციის მონაწილეებს თავშესაფარი სჭირდებათ.

ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იმყოფება. კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით,  ხელოვნური ინსტალაციებითა და ბარიერებით სავალი ნაწილის ჩაკეტვა სამართლებრივად მიუღებელია. მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, კარავი ტროტუარზე ან სკვერში გაშალონ.

„აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ  ცენტრალურ სავალ ნაწილზე სურდათ კარვების გაშლა. ჩვენ ვუთხარით, რომ  ხელოვნური ინსტალაციებითა და ბარიერებით სავალი ნაწილის ჩაკეტვა სამართლებრივად მიუღებელია. არის აზრთა სხვადასხვაობა და გარკვეული ძალები ცდილობენ პროვოცირებას კონკრეტულ პოლიციელებზე.

მათი გამოხატვის უფლებას, რაც კონსტიტუციურად აქვთ მინიჭებული, არავინ არ ზღუდავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინდელი აქციის დაწყებიდან მაქსიმალურად შეუწყო ხელი, რომ მათ პროტესტი გამოეხატათ. ჩვენ თვითონ შევთავაზეთ, რომ ქუჩას დაგიკეტავთ, მაგრამ როცა ხალხის რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩა ჩაიკეტოს, არ არის აუცილებელი ეს  ხელოვნურად, ბარიერებით მოხდეს“, – განაცხადა ანანიაშვილმა.

ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მეორე დღეა, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები და ლიდერები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.