ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

პუბლიკა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 70 წლის მამაკაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი.

„ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში, აღმოაჩნდა ორმხრივი პნევმონია, განუვითარდა დისტრეს სინდრომი, გადაყვანილია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია აპარატის დახმარებით”, – განაცხადა „მედალფას” აჭარისა და გურიის რეგიონული დირექტორმა, ლევან ანთაძემ.

ბათუმში კიდევ ერთი პაციენტს აქვს პნევმონია, თუმცა მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია და მდგომარეობა მიიჩნევა სტაბილურად. ლევან ანთაძის განცხადებით, ორი პაციენტის შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსი.

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულია 7 პირი. აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1800-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.