შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მიმდინარე აქციაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დღეს რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას.
„პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა გააგრძელეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შსს ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაკავებულები ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.