ბათუმში, მიქელაძეების ოჯახის გამოსახლების მცდელობას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. აღსრულების პოლიცია ოჯახს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 147-ში მდებარე სახლიდან ასახლებდა.
აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც. ის მოგვიანებით სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა მისი საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოსახლების პროცესში, ოჯახის ერთ-ერთი წევრი სახლის სახურავზე აძვრა და პროტესტის ერთ-ერთ რადიკალურ ფორმას მიმართა. აღსრულების ბიუროს განმარტებით, სახლის ოფიციალურ მეპატრონესა და ოჯახს შორის შეთანხმება შედგა. კერძოდ, მესაკუთრე 6 თვე არ გაყიდის სახლს სხვაზე და ამ პერიოდში ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა, თავად გამოისყიდონ ის.