ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა და მათ შორის ერთი ბათუმში.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა და ის ორი დღის განმავლობაში, ორ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ქალს აღენიშნებოდა მუცლის ტკივილი და დიარეა.
ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მისი ინფიცირების წყარო უცნობია.
„60 წლამდე ასაკის პირია. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ინფექციის წყარო არ არის დადასტურებული. ყველა ახლო კონტაქტის მოძიება მოხდება. ბათუმში მცხოვრებია, რომელმაც გასული ორი დღის განმავლობაში ორ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მას არ ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, – ცხელებით, რესპირაციული ჩვენებები. ის უჩიოდა მუცლის ტკივილსა და დიარეას. ემერჯენსში გაეწია დახმარება და ეჭვის მიტანის შემდეგ გადმოიყვანეს მედალფაში დიაგნოსტიკისათვის.
ქალი არ ცხოვრობდა კორპუსში, დეტალები არ მინდა გაჟღერდეს, რადგან სამუშაოები არ არის დასრულებული. ქალი ბოლო დღეების განმავლობაში ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა. იქაც მიდის კვლევები. ამის მოლოდინი იყო, ბათუმშიც და აჭარაშიც გვეყოლება პირები, რომლის ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდება, ამიტომ თითოეული პირი სოციალურ დისტანცირებას უნდა შეეცადოს” – თქვა ნინო ნიჟარაძემ.
კლინიკა მედალფაში ამბობენ, რომ ქალს პნევმონია აქვს. ის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმში. ერთი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებს და 3 პაციენტი კი ბოჭორიშვილის კლინიკაში.