შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მომხდარზე ორი პირი დააკავეს.
„ა.ე.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარება. ხოლო მ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დგინდება, რომ ა.ე.-მ ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ. -ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ე.-ს თანხმლები მ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა”.
უწყებაში ამბობენ, რომ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს.