განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში გახსნილი კერძო რუსული სკოლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, საქართველოში გახსნილ რუსულ სკოლა School Club Georgia-ს განათლების სამინისტროსგან ავტორიზაცია არ მიუღია. შესაბამისად მას საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო დანიშნულებით ფუნქციონირების უფლება არ აქვს. სამინისტრო საკითხის შესწავლის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართავს.
„საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერᲫო სუბიექტისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
ბათუმში არსებული კერძო რუსული სკოლის შესახებ სტატია „ბათუმელებმა“ მოამზადა. სტატიაში აღნიშნულია, რომ სკოლის დირექტორი და მასწავლებელი არაოფიციალურ საუბარში ადასტურებდნენ, რომ სკოლაში ნებისმიერ რუსულენოვან მოსწავლეს შეეძლო ჩარიცხვა და რომ სკოლაში სასწავლო პროცესი რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამას ეფუძნება.
სკოლის დირექტორი ასევე ამბობდა, რომ თავადაც და სკოლის მასწავლებლებიც პატივს სცემენ საქართველოს კანონმდებლობას, ქვეყნის ისტორიას და ლეგიტიმურად საქმიანობენ საქართველოში.