ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ნგრევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, რომლებიც ბათუმის ორ კლინიკაში გადაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით კი, მეხანძრე-მაშველებმა უშუალოდ ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე სულ მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 30 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.